გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის”  აინიცირებს კანოპროექტებს, რომლებიც ემიგრაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის პასპორტის აღების დისკრიმინაციულ ტარიფსა და თანამემამულეების მხარდაჭერას შეეხება

„ემიგრანტებთან კომუნიკაციის შემდეგ, ჩვენს გუნდს შემოგვაქვს კანოპროექტები და იმედს ვიტოვეთ გეყოფათ გამბედაობა, გაცდებით ვიწროპარტიულ მიდგომებს, როგორც ეს სხვა შემთხვევებში არ მომხდარა და ამ მნიშვნელოვან ინიციატივებს უმრავლესობა მხარს დაუჭერს“, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა, პარტია „საქართვლოსთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მისი თქმით, ინიციატივები ეხება სამ თემას. პირველი საკითხი არის – საქართველოს თანამემამულეების მხარდაჭერა, მეორე – მოძველებულ საკანონმდებლო ჩანაწერს, რომელიც შეეხება ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების დაუბეგრავი მინიმუმის ზღვარს და მესამე – ემიგრაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის პასპორტის აღების დისკრიმინაციულ ტარიფს.

„დღეს, საქართველოში მცხოვრები ძალიან ბევრი ოჯახი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხებით საზრდოობს და ასეთი ოჯახების რიცხვი, სამწუხაროდ, ყოველდღიურად იმატებს. დღესდღეობით ამ ფულადი გზავნილებით ცხოვრობს ნახევარზე მეტი საქართველო. ეს, ბუნებრივია, არ არის გუშინ დაწყებული პრობლემა, მაგრამ როდესაც მმართველი პარტია ზრუნავს მხოლოდ საკუთარი კომფორტის შექმნაზე და პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაზე, ვიღას ახსოვს და ვიღა იცლის ისეთ საკითხებზე სამუშაოდ, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის რაიმე შვების მომტანი იქნება“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.