პოლიტიკა

სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება – მამუკა ხაზარაძე

„უსამართლობის განცდა, კანონის ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური დევნაა, რაც გეუფლება, როცა უყურებ როგორ მოუხსნეს ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატი, სირცხვილია როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება.,- ამის შესახებ „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას გამოეხმაურა.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ხელისუფლებას, რომელსაც ღირსება არ გააჩნია სიკეთეს ვერ მოიტანს.

ქვეყნის უპერსპექტივობა, როცა ხელისუფლებას არ გააჩნია მიზანი და შესაბამისად, გეგმა. ერთადერთი რაც გამოძრავებთ – არის ძალაუფლება, რათა შეინარჩუნოთ პირადი კეთილდღეობა.

ეს მალე დამთავრდება! ქართველი ხალხი არაა თქვენისთანა ხელისუფლების ღირსი, არაა ასეთი გაჭირვების და უიმედობის ღირსი! ხელისუფლება, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ის სიკეთეს ვერ მოიტანს.

ბრძოლა გრძელდება და ის დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით,”- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საპარლამენტო მანდატის გაუქმებას 77 დეპუტატმა დაუჭრა მხარი, ხოლო 38 წინააღმდეგ წავიდა. შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში 79 მომხრე იყო, ხოლო 28 წინააღმდეგი. ელენე ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტას 77-მა დეპუტატმა დაუჭრა მხარი, 9 – წინააღმდეგი იყო.