ანა ბუჩუკური – სააკაშვილთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიაზე პოზიცია არ შეგვიცვლია, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ერთი ადამიანის სახელობის კომისია შეიქმნას

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიაზე პოზიცია არ შეგვიცვლია – მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ერთი ადამიანის სახელობის კომისია შეიქმნას პარლამენტში, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე  თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უამრავი გამოწვევაა, პარლამენტი ვიწროპარტიული შოუს დადგმის ადგილად იქცა, რაც არასწორია.

,,მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განვაცხადეთ და პოზიცია არ შეგვიცვლია, ჩვენი პარტია განსაკუთრებული თანმიმდევრობით გამოირჩეოდა ყოველთვის და სწორედ ამიტომ მივაღწიეთ ისეთ შედეგებს, რასაც მივაღწიეთ 4 თვის დაფუძნებულმა პარტიამ. გავიმეორებ, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ერთი ადამიანის სახელობის კომისია შეიქმნას პარლამენტში. ქვეყანაში არის ძალიან ბევრი სისტემური გამოწვევა და მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა და სამწუხაროდ, ეს პარლამენტი იქცა ვიწროპარტიული შოუს დადგმის ტრიბუნად, რაც პრინციპულად არასწორია. ამასთან, იცით, ჩვენი პარტიის წევრების, მხარდამჭერების მისამართით არაერთი დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა ხელისუფლების მხრიდან. მაგალითად, აკაკი ბართაიას ჩაუდეს იარაღი და აბსოლუტურად უკანონოდ იმყოფება ციხეში, 100-ზე მეტი ადამიანი გამოაგდეს სამსახურიდან ფაქტობრივად და ა.შ. “- განაცხადა ბუჩუკურმა.