გუშინ რაზეც ისაუბრა კობახიძემ, ეს არის პირდაპირ გამოწვევა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც სისტემას დაუპირისპირდება, მის მიმართ კონსტიტუცია აღარ მოქმედებს – ელენე ხოშტარია

ჩვენ დღეს ,,დროას” გუნდი მოვედით ბადრი ჯაფარიძის მხარდასაჭერად, იმ ძალიან ღია უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობს, – ამის შესახებ „დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარტია ,,ლელოს” ოფისში კონსულტაციის დაწყებამდე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, პარლამენტში შეშვება-არშეშვებას ივანიშვილი წყვეტს, სწორედ ამიტომ არ არის იგი ამჟამად პარლამენტში. მისი თქმით, ,,პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხს კიდევ ერთი წერტილი დაესვა”.

„გუშინ რაზეც ისაუბრა კობახიძემ, ეს არის პირდაპირ გამოწვევა. აქ არის საუბარი, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც სისტემას დაუპირისპირდება, მის მიმართ კონსტიტუცია აღარ მოქმედებს და პარლამენტი არის რაღაც თავშეყრის ადგილის, სადაც როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს, იმის მიხედვით ვიღაცას შეუშვებენ, ვიღაცას არ შეუშვებენ. მე პირადად, ამიტომ არ ვარ ამ პარლამენტში. ჩემთვის პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხს კიდევ ერთი დიდი წერტილი დაესვა. ამასთან, ბადრი ჯაფარიძეს ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ამ უსამართლო ბრძოლაში და გვექნება საუბარი, კონკრეტულად როგორ ხედავს ის, რუსთავის არჩევნებს”, – განაცხადა ხოშტარიამ.