ირაკლი კობახიძე – „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში, ამ პარტიებს სამწუხაროდ, არ აქვთ ღირსების შეგრძნება

პარტია „ლელო“ როდესაც აფიქსირებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში საარჩევნო მიზნებისთვის, ეს მათ უპრინციპობაზე მეტყველებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს პირდაპირი, ძალიან მჭიდრო ალიანსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის, მათ შორის რეალურად ზღვარიც წაშლილია.

„რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს სამწუხაროდ, არ აქვთ ღირსების შეგრძნება, იგივე გამოჩნდა იმ კოალიციების მაგალითზე, რომლებიც გაფორმდა ოთხ მუნიციპალიტეტში. ერთი პარტია მეორის ლიდერს უწოდებდა „თვალთხარიას“, მეორე პირველს უწოდებდა მკვლელებს და შემდეგ შეკრეს კოალიცია. რა თქმა უნდა, ეს მიანიშნებს უპრინციპობაზე. ამის გამოხატულებაა „ლელოს“ პოზიციაც. როდესაც „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში ამ საარჩევნო მიზნებისთვის, ეს ლელოს უპრინციპობაზე მეტყველებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობს პირდაპირი, ძალიან მჭიდრო ალიანსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის. მათ შორის რეალურად ზღვარიც არის წაშლილი, ამიტომ, ეს ყველაფერი არავის უკვირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში არ დააყენებს თავის მაჟორიტარობის კანდიდატს და მხარს დაუჭერს „ლელოს“ წევრ ბადრი ჯაფარიძეს.