კარლ ჰარცელი – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი კონტროლის და ბალანსის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ გასული წლის ბოლოს და რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის, რადგან ფუნდამენტურად აუცილებელია, რომ მსგავს ინსტიტუტს შესაბამისად ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობაში ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო.

„ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო, იმისთვის, რომ მისი გაძლიერებისთვის შეგვეწყო ხელი. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა არა მხოლოდ ევროკავშირმა, არამედ შეერთებულმა შტატებმაც, გაერო-მ, ევროპის საბჭომ”, – აღნიშნა ელჩმა.

როგორც ელჩი აღნიშნავს,  რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში.

„ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მეორე ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.

ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის რომ, პარლამენტი იყოს რაც შეიძლება ინკლუზიური, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით. ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგები, როგორ აისახება შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე, მათ შორის ფრაქციების დაკომპლექტებაზე და ა.შ. ,“- განაცხადა ელჩმა.