სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლეგიტიმურია – ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად არის მიღებული. ამასთან, მისი განმარტებით, ჯერჯერობით ამ საკითხზე ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, თემას დამატებით განიხილავს.

„რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამის თაობაზე პარლამენტს საზოგადოებასთან კომუნიკაცია ჰქონდა. ეს მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნებოდა და საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად არის გადაწყვეტილება მიღებული და კანონმდებლობაში ასახული“,-განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისათვის, სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებები გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. მისივე თქმით, ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ პროცესი, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება წარიმართა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.