ღარიბაშვილი შეხვდა ვიღაცას, ვინც კრიპტოვალუტის თემებთანაა დაკავშირებული და ინდოეთის წარმომადგენელს, ეს იყო მისი ვიზიტის მთელი შინაარსი – რომან გოცირიძე

საკითხის იმდაგვარად დასმა, თუ რატომ არ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე დასავლელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტს, არასწორია – საკითხი სხვანაირადაა, არავინ მას არ შეხვდა, ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩამოწერილი ფიგურა! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ფორმალურად იმის უზრუნველყოფაც ვერ შეძლეს, რომ ერთი-ორი წამყვანი სახელმწიფოს ლიდერებს თუ არა, მათ გავლენიან წარმომადგენლებს შეხვედროდნენ.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დავოსის ფორუმი არ არის, სადაც ეკონომიკური საკითხები იხილება. ღარიბაშვილი შეხვდა ვიღაცას, ვინც კრიპტოვალუტის რაღაც თემებთან არის დაკავშირებული და ინდოეთის წარმომადგენელს. ეს იყო ღარიბაშვილის ვიზიტის მთელი შინაარსი.

უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ამ სახით მიღება პარლამენტის სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო. კიდევ უფრო სამარცხვინოა, რომ პრემიერ-მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებით არც ერთი სერიოზული განცხადება არ გააკეთა – ისეთი განცხადება, რომელსაც მიუნხენში ჩასული ყველა ცივილიზებული ქვეყნის ლიდერი აკეთებდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.