იაგო ხვიჩია – ახლა უკრაინაზე თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი გადის, შემდეგი ხაზი სად გავა, ეს ზუსტად არავინ იცის, საქართველოზე, ბალტიისპირეთზე თუ სხვაგან

უკრაინის დაცვაზე უკრაინელ ხალხთან და უკრაინელ სამხედროებთან ერთად მთავარი პასუხისმგებელი პირი არის დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო, რომელმაც თავის დროზე აიღო გარანტია უკრაინის უსაფრთხოებაზე, როცა უკრაინიდან ატომური იარაღი რუსეთს გადაეცა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ დასავლეთთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს.

„მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ და რაღაცნაირად ვიყოთ შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მათთან ერთად უნდა ვიმოძრაოთ. სანქციების ამბავი იქნება თუ სხვა რამე, დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა გავაკეთოთ. ამავე დროს, რა საშუალებაც გვექნება, დასავლელ პარტნიორებს უნდა მოვუწოდოთ, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვან. მთავარი ამოცანა უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი პოზიცია გასაგები იყოს დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ დასავლეთი ვალდებულია უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვას. ახლა უკრაინაზე თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი გადის, შემდეგი ხაზი სად გავა, ეს ზუსტად არავინ იცის, საქართველოზე, ბალტიისპირეთზე თუ სხვაგან. თავისუფლებისმოყვარე ადამიანების ვალდებულებაა უკრაინელ ხალხს უგულშემატკივროს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.