ირაკლი ზარქუა – დღეს უკრაინა განსაცდელშია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, გავერთიანდეთ მის დასაცავად

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მთელ ცივილიზებულ სამყაროს მოვუწოდებთ, გავერთიანდეთ უკრაინისთვის. მსოფლიომ იგივე შეცდომები არ უნდა დაუშვას, რაც 2008 წელს, როცა ოკუპანტს გაუვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, თუ ზედაპირული სანქციებით შემოვიფარგლეთ, ოკუპანტი უფრო გაძლიერდება და ხვალ, ზეგ უარესს ჩაიდენს.

„დღეს უკრაინა არის განსაცდელში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ გავერთიანდეთ უკრაინას დასაცავად. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ჩვენ ის ავსახეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში, სადაც ვთქვით, რომ უკრაინა არის სახელმწიფო, რომელიც იცავს თავის ტერიტორიას და მის სუვერენიტეტს ვინც შეეხება, უნდა იყოს დასჯილი. ეს სულისკვეთება იყო რეზოლუციაში. რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენი ყველა ნაბიჯი შეთანხმებულია დასავლელ პარტნიორებთან და როგორც მათთან ერთად, შეთანხმებულად ვმოქმედებდით, ასე გავაგრძელებთ. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, ამაზე იქნება განცხადება გაკეთებული და სიტუაციას შევხედავთ, როგორ იქნება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ პარტნიორებთან და სწორად როგორც ჩაითვლება, იმ ფორმატში, რაც იქნება უკრაინისთვის მისაღები და ამ გამოწვევისთვის, სწორედ ასე მოვიქცევით. ჩვენ ვართ თავისუფალ სამყაროსთან ერთად“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.