ბორის ჯონსონი – ჩვენ კოლექტიურად უნდა შევწყვიტოთ დამოკიდებულება რუსეთის გაზსა და ნავთობზე, რომელიც დიდი ხანია, პუტინს აძლევს საშუალებას, თავისი პოლიტიკა აწარმოოს

ჩვენ შევთანხმდებით მასშტაბურ პაკეტზე, ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას მძიმედ დაარტყამს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.

„უკრაინა გახლავთ ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო თავისუფალი, დემოკრატიული და უფლება გააჩნდა, საკუთარი ბედი აერჩია. ჩვენ და მსოფლიო არ მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინას ეს თავისუფლება წაერთვას . ჩვენ არ გავიხედავთ გვერდზე, რადგან ჩვენ ვაკვირდებოდით რუსეთის მხრიდან დაშინებას. ჩვენ, ბრიტანეთი ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც თავდაცვითი იარაღი გაუგზავნა უკრაინას დასახმარებლად. სხვა მოკავშირეებმაც იგივე გააკეთეს. ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია მომავალ დღეებში. ჩვენ შევთანხმდებით მასშტაბურ პაკეტზე, ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას მძიმედ დაარტყამს. ამ მიზნით, ჩვენ კოლექტიურად უნდა შევწყვიტოთ დამოკიდებულება რუსეთის გაზსა და ნავთობზე, რომელიც დიდი ხანია, პუტინს აძლევს საშუალებას, თავისი პოლიტიკა აწარმოოს. დიპლომატიურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, პუტინის ეს ბარბაროსული წამოწყება უნდა დასრულდეს წარუმატებლობით. მივმართავ რუსეთის ხალხსა და პრეზიდენტს, რომელმაც ძალადობის ასეთ ტალღას მისცა ბიძგი, მივმართავ რუსი ჯარისკაცების მშობლებს, უკრაინელებსაც მივმართავ ამ მომენტში, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისივე თქმით, ბრიტანეთი იმუშავებს მოკავშირეებთან, რათა უკრაინის სუვერენულობა და დამოუკიდებლობა აღდგეს.

„თუ მომავალი თვეები არის შავ-ბნელი, დარწმუნებული ვარ, უკრაინაში კვლავ სინათლე დაისადგურებს. არ ვფიქრობ, რომ ბომბებით, ტანკებითა და რაკეტებით, რუსი დიქტატორი ოდესმე დაიმორჩილებს და დათრგუნავს უკრაინელთა ეროვნულ გრძნობებს, მათ რწმენას, რომ მათი ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი. მე ბრიტანელ ხალხს ვეუბნები, რომ პუტინის საფრთხეების არ გვეშინია. იმათ ვგულისხმობ, ვინც უკრაინის გვერდზე დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო. მხარს ვუჭერთ ჩვენს მოკავშირეებს მსოფლიო მასშტაბით, ვიმუშავებთ მათთან, რათა უკრაინის სუვერენულობა და დამოუკიდებლობა აღდგეს. თავზეხელაღებული აგრესიის ეს აქტი გახლავთ შეტევა არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის დემოკრატიის წინააღმდეგ წამოწყებული შეტევა აღმოსავლეთ ევროპაში და მსოფლიო მასშტაბითაც. აღნიშნული კრიზისი ეხება თავისუფალ, სუვერენულ ევროპელ ხალხს, თავისი მომავალი აიჩიონ და ბრიტანეთი ყოველთვის დაიცავს ამას“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.