იაგო ხვიჩია – რიგგარეშე სხდომაზე მოვდიოდით, რათა გვეფიქრა, როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში რაღაცნაირად უზრუნველვყოთ უსაფრთხოება

როგორც კი, „ქოცები” „ნაცებს” დაინახავენ, თვალი უბნელდებათ და ბრძოლას იწყებენ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხი საბრძოლი არ არის „ნაცებთან”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, დღევანდელი რიგგარეშე სხდომის საკითხი უნდა ყოფილი საქართველოს საგარეო საგარეო პრიორიტეტები და უსაფრთხოება.

„ეს საკითხი საერთოდ სხვა რამეს ეხებოდა, ჩვენს საგარეო პრიორიტეტებს და ქვეყნის უსაფრთხოებას. რიგგარეშე სხდომაზე საერთოდ სხვა რამისთვის მოვდიოდით, გვეფიქრა იმაზე, როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში რაღაცნაირად უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და მტერს ნაკლებად მოუნდეს, ჩვენ იგივე დაგვიშავოს, რაც უკრაინელებს. რაც მოეწყო, ამის პირადად მრცხვენია. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის სამარცხვინო გამოვიდა და ამაში ნებსით თუ უნებლიეთ, მონაწილეობა მივიღეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რიგგარეშე პარლამენტის სხდომის ჩატარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიმართვას ხელი მოაწერა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და განმარტა მიზეზები, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება.