ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კრემლის მედია-მანქანების ევროკავშირში, „რაშა თუდეის“, „სპუტნიკის” და მათ შვილობილი კომპანების მაუწყებლობა აიკრძალება

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აძლიერებს თავის მხარდაჭერას უკრაინისთვის და სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ აძლიერებს თავის მხარდაჭერას უკრაინისთვის და სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ, რომელიც არის პუტინის რუსეთი. პირველად ევროკავშირი დააფინანსებს იარაღისა და სხვა აღჭურვილობის შეძენას და მიწოდებას ქვეყნისთვის, რომელიც თავდასხმის ქვეშ არის. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. ამავე დროს, ჩვენ ვამკაცრებთ სანქციებს კრემლისა და მისი კოლაბორატორი ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ.

პირველი – ჩვენ ვხურავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთისთვის, აკრძალვა ეხება რუსეთის კუთვნილ, რუსეთში რეგისტრირებულ ან რუსეთის მიერ კონტროლირებად თვითმფრინავებს. ისინი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას. ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა, ჩვენი საჰაერო სივრცე დაიხურება ნებისმიერი რუსული თვითმფრინავისთვის, მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავებისთვისაც“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ფონ დერ ლაიენის თქმით, „აკრძალავენ კრემლის მედია-მანქანას ევროკავშირში“.

„კიდევ ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, ჩვენ ავკრძალავთ კრემლის მედია-მანქანას ევროკავშირში – სახელმწიფოს კუთვნილი „რაშა თუდეი“ და „სპუტნიკი“, ასევე მათი შვილობილი კომპანიები ვეღარ შეძლებენ თავიანთი ტყუილების გავრცელებას, პუტინის ომის გამართლებას და ჩვენს კავშირში განხეთქილების შეტანას. ჩვენ ვმუშაობთ ინსტრუმენტებზე, რომ ავკრძალოთ ეს ტოქსიკური, მავნებლური დეზინფორმაცია ევროპაში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.