შეხვედრის შედეგის დიდად არ მჯერა, მაგრამ დაე, სცადონ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ყვება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკომ მას შესთავაზა, რომ უკრაინული და რუსული დელეგაციები ერთმანეთს მდინარე პრიპიატზე შეხვდნენ.

„ჩვენ ორი წელია, არ გვისაუბრია, დღეს კი მე ძალიან დიდხანს და არსებითად ვესაუბრე. დეტალურად განვუმარტე მას, რომ ჩვენი შეტაკება შეუძლებელია. მე არ მინდა, ბელარუსიდან უკრაინაში რაკეტები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაფრინავდნენ. არ მინდა, რომ ბელარუსიდან უკრაინაში შეიარაღებული ძალები მოდიოდნენ“, – აცხადებს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, მას შეხვედრის შედეგიანობის არ სჯერა.

„ხაზს ვუსვამ, ყოველგვარი პირობების გარეშე. გულწრფელად ვიტყვი: როგორც ყოველთვის, ამ შეხვედრის შედეგის დიდად არ მჯერა, მაგრამ დაე, სცადონ, რათა შემდგომ უკრაინის არც ერთ მოქალაქეს ეჭვი არ ჰქონდეს, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, არ შევეცადე ომის შეჩერებას, როდესაც იყო მცირე, მაგრამ მაინც შანსი“, – განაცხადა ზელენსკიმ.