გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციის რადიკალური ნაწილი იცლის იმისთვის, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს და უკრაინის მხარდამჭერი აქციები ანტისახელისუფლებო პროცესებში გადაზარდოს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველო შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს უკრაინას.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს და უკრაინის მხარდასაჭერად გულწრფელი საზოგადოების აქციები ანტისახელისუფლებო პროცესებში გადაზარდოს.

„საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც ამის შესაძლებლობა აქვს, აფიქსირებს იმ პოზიციას, რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს. მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ სამხედრო აგრესიას რომელსაც სამწუხაროდ, აწარმოებს რუსეთის ფედერაცია უკრაინაში.

რაც შეიძლება, რომ საქართველომ დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, ხორციელდება. ეს ეხება თანხების გამოყოფას, პირველადი დახმარების ნივთებს, იქნება საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი პოზიციების დაფიქსირება, მთავრობის მიერ უკრაინის მოქალაქეების სასტუმროში განთავსება. ასევე ჩვენი საელჩო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს უკრაინაში. იცით, რომ ერთ-ერთი მოწინავე საელჩოა რომელსაც აქვს მუდმივი კავშირი ჩვენს მოქალაქეებთან.

ეს არის საქართველოს შესაძლებლობები. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და ცივილიზებული სამყარო ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას და დაეხმაროს დემოკრატიის გადარჩენას, სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციის რადიკალური ნაწილი იცლის იმისთვის, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს და ანტისახელისუფლებო პროცესებში გადაზარდოს გულწრფელი საზოგადოების აქციები, რომელიც იმართება უკრაინის მხარდასაჭერდ. პრინციპში, ეს ხალხი აღარც მალავს ამას. ნახეთ მოწოდებები, რომ ეს აქციები კარგია, მაგრამ უნდა გადაიზარდოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნებშიო. აქ უკვე მათი მიზნები ნათელია, მათი მიზანი არც ყოფილა უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს საერთაშორისო პარტიორებთან. სამწუხაროდ, ჩვენც ვართ ოკუპირებული ქვეყანა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ არ ვართ იმ შესაძლებლობების, რაც შეიძლება, ჰქონდეს იმ ქვეყანას, რომელიც არ არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. ამიტომ იმ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენს პარტიორებთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეიძლება, იყოს გასაკეთებელი უკრაინის მხარდასაჭერად.

ოპოზიციის პოპულიზმი უკვე იმ დონემდე არის, აღარ იციან, რა გააკეთონ იმისთვის, რომ რამენაირად თავისი პოლიტიკური ინტერესი განახორციელონ. უკრაინის ელჩთან 24-საათიან რეჟიმშია ყველა კონტაქტზე, პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.