კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე ამ ქვეყანას, ვის როგორ ესმის, სხვა საკითხია – ბაჩო ახალაია

პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებს რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ის დროის გატარებას მეუღლესთან და შვილებთან ერთად აპირებს.

„დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე. აგერ მიდგას გვერდით მიზანი – მეუღლე და ჩემი შვილები. ეს არის მთავარი ამოცანა და ცოტა ფეხზე დადგომა მინდა. გამოფიტული ვარ, დაღლილი და გადაღლილი ვარ,“ – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ახალაიას თქმით, კეთილსინდისიერად, პატიოსნად ემსახურა მთელი მისი ცხოვრება ქვეყანას. ბაჩო ახალაიას თქმით, ის მუდამ ქვეყნის სამსახურში იყო.

„კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას. სხვა მე არაფერი მიკეთებია ჯერ, აი, 41 წლის ვარ. ქვეყნის სამსახურის მეტი, სამწუხაროდ, არაფერი მიკეთებია. ვის, რა და როგორ ესმის, ეს სხვა საკითხია“,-განაცხადა ახალაიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.