„მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016“ დასასრულს უახლოვდება

სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეპის“ პროექტი „მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016“ დასასრულს უახლოვდება. მონაწილეებში მღელვარება მატულობს, ვინაიდან 18 დეკემბერს გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდი, წყვილი და ორგანიზაციის რჩეული.

გამარჯვებულებს სტეპისა და ორგანიზაციის 30-მდე პარტნიორის მიერ დაწესებული  პრიზები  გადაეცემათ, ხოლო ორგანიზაციის რჩეული  AIESEC in Georgia მიერ შემოთავაზებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სრულიად უსასყიდლოდ გაემგზავრება  ევროპის მისთვის სასურველ ქვეყანაში სასწავლო- შემეცნებითი ვიზიტით.

შეგახსენებთ, რომ „მომავალ სპიკერთა (პრეზენტატორთა) სკოლა 2016“  21 ნოემბრიდან მიმდინარეობს და 18 დეკემბერს დასრულდება. პროექტი აერთიანებს 100 ახალგაზრდას, როგორც სკოლის მოსწავლეს, ასევე სტუდენტებს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან.

„მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016“ არის სრულიად ინოვაციური პროექტი, რადგან ის მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს და ორიენტირებულია სპიკერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.  პროექტი დაფუძნებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და საუკეთესო მონაწილეები კონკურსის (პრეზენტაციების) ფარგლებში გამოვლინდებიან.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 4 კვირის განმავლობაში მონაწილეებთნ მუშაობდნენ და მათ განვითარებაზე ზრუნავდნენ მოწვეული ტრენერები, ჯგუფის ლიდერები და ფსიქოლოგები. „ეს კვირა ამ სკოლის ფარგლებში ბოლო კვირაა, რაც გულისხმობს, რომ გუნდებს ბოლო შანსი აქვთ მოიპოვონ გამარჯვება და  დაიკავონ ლიდერის პოზიციები. განსაკუთრებული მღელვარება შეინიშნება და თითოეული მონაწილე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, რაც ძალიან სასიხარულოა. ამ პროექტმა საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ სტეპი არის ურთიერთობა და ჩვენი წარმატება იწყება სტეპთან ერთად“ – აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამთა მარგველაშვილი.

ამჟამინდელი მონაცემებით ლიდერობს გუნდი „ფენიქსი“ თორნიკე ყიყიშვილის ხელმძღვანელობით. მას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება თსუს გუნდი, რომლის ლიდერიც გახლავთ გულიკო მაჭარშვილი.

პროექტის დახურვის ცერემონიალი გაიმართება 18 დეკემბერს (კვირას) 16:00სთ-ზე თსუს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში.

კომენტარის დატოვება