რუსი ოკუპანტები ვეღარ მალავენ, რომ აგონიაში არიან, იბრძვიან მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობასთან, როგორც უკანასკნელი ლაჩრები – მათ ელით ტრიბუნალი – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

წინააღმდეგობის 122 საათი. ინტერვენციის ხუთი დღის შემდეგ, რუსი ოკუპანტები უკვე ვეღარ მალავენ, რომ აგონიაში არიან  – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს სამხედრო დანაშაულია და ამის უშუალო შემსრულებლებსა და ორგანიზატორებს მთელი ცხოვრების განმავლობაში მკვლელის დამღით ცხოვრება და დამალვა მოუწევთ, რადგან მათ ელით ტრიბუნალი.

თავდაცვის მინისტრი ასევე, მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება თუ სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი ხარკოვში შეიქმნება, რადგან 1943 წელს სწორედ ხარკოვში გაიმართა პირველი პროცესი, რომელზეც ნაცისტები სამხედრო დანაშაულისთვის გასამართლდნენ.

„მშვიდობიანი ქალაქების ბარბაროსული სარაკეტო დაბომბვა იმაზე მეტყველებს, რომ მათ აღარ შეუძლიათ შეიარაღებულ უკრაინელებთან ბრძოლა, იბრძვიან მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობასთან, როგორც უკანასკნელი ლაჩრები. ახლა „ხარკოვის ტრიბუნალმა“ განაჩენი უნდა გამოუტანოს ჰიტლერის მიმდევრებს კრემლიდან, რომლებმაც მას უკვე გადააჭარბეს“, – განაცხადა მინისტრმა.