გურამ მაჭარაშვილი – პარლამენტში რეზოლუციის მიღებით არ დაბრკოლდება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესი, ოპონენტების სპეკულაციები არის პოლიტიკური

„ქართული ოცნება“ პრაგმატულად მიჰყვება როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას. მათ შორის, ამ შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დამადასტურებელია ის რეზოლუციის პროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა.

„ამის დამადასტურებელი არის ის, რომ ჩვენ დავაინიცირეთ რეზოლუციის პროექტი, რომლითაც ყველა უწყებას ვთხოვთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის დაჩქარებული წესით მოხდეს, თუმცა არის პროცედურები როგორც ევროკავშირში, ასევე სხვა უწყებებში, რომ ამ საკითხის განხილვა მოხდეს. ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის შემთხვევა არის განსაკუთრებული და ეს ასეც არის, რადგან იქ არის საომარი მდგომარეობა, მაგრამ კონსულტაციების საფუძველზე დადასტურებული იყო, რომ საქართველოს შემთხვევაშიც დროზე ადრე, დაჩქარებული წესით მოხდეს ამ საკითხის განხილვა. რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანება ერთ თვეში და თუნდაც ერთ წელში არ ხდება. ვინც ამ სტრუქტურას იცნობს, მთელი რიგი ვალდებულებებია. მას შემდეგ, რაც ქვეყანა კანდიდატი გახდება, რამდენიმე წელია საჭირო ეს ვალდებულებები შესრულდეს, რომ მაგრამ მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს ვითვალისწინებთ და აქედან გამომდინარე წარვადგინეთ რეზოლუციის პროექტი. გარწმუნებთ, რომ საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის მიღებით არ დაბრკოლდება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესი. თუ ჩვენი მხრიდან რეზოლუციის მიღებაზე რაიმე სახის ნაბიჯები არის გადადგმული რეზოლუციის მიღებაზე, რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები არის ევროკავშირის თანამდებობის პირებთან. ოპონენტების სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ამ დოკუმენტის მიღებით ისე დავაგვიანებთ პროცესს, რომ შეიძლება რაღაც პრობლემები შეიქმნას, არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები. პოლიტიკური ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ ეს პროცედურები ევროკავშირში დაჩქარდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.