სიმონ ნოზაძემ განათლების მინისტრს რეფორმების ჩატარებაში წარმატებები უსურვა

პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრის გამოსვლას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“  თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში არსებულ ვითარებაზე  და მიმდინარე რეფორმებზე.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სკოლებში „დედა ენა“ დაბრუნდება, რაც ინიციატორთა მხრიდან დიდ გამბედაობას მოითხოვდა. მისივე განცხადებით, გამოცდები აუცილებლად უნდა ჩატარდეს საბაზო  – მე-10 კლასში და გამოცდები უნდა აღდგეს მე-11 – მე-12 კლასებშიც, მხოლოდ გამოცდები უნდა ჩაატარონ მასწავლებლებმა და მათ ის ცოდნა უნდა შეაფასონ, რომელიც მოსწავლემ შეიძინა.

როგორც სიმონ ნოზაძემ  განაცხადა, რაც შეეხება უნარების გამოცდას, იგი არ შეიძლება ექსტრემალურ სიტუაციაში ხდებოდეს:  გამოცდები კი სწორედ ექსტრემალური სიტუაციაა. ექსტრემალურ სიტუაციაში მხოლოდ ცოდნის შეფასება უნდა ხდებოდეს, და  ამდენად, სიმონ ნოზაძის შეფასებით, უნარების გამოცდების გაუქმება გამართლებულია.

„ზოგადი განათლების რეფორმა, ახალი სკოლის მოდელი ძალიან საინტერესოა –  იგი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ინიციატივის გამოვლენას, სწრაფად ცვლად გარემოში ადაპტირებას და ა. შ. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი სიახლეებია მასწავლებელთა განვითარებასა და შეფასებაშიც, კარგია კრედიტ ქულების და   თვითშეფასების სისტემის გაუქმება და კარგია, რომ მასწავლებელთა შეფასება მოხდება კომპლექსურად,“- განაცხადა სიმონ ნოზაძემ და აქვე აღნიშნა, რომ დაწყებული რეფორმა განათლების სისტემაში მართლაც ყურადსაღებია.

სიმონ ნოზაძე პედაგოგიური სასწავლებლების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პედაგოგიური სასწავლებლების არარსებობა დიდი დანაკლისია. „იქნებ თბილისში ან ქუთაისში აღდგეს პედაგოგიური სასწავლებელი, რომლის ბაზაზე  გაიზრდებიან ახალი პედაგოგიური კადრები, მოხდება პედაგოგთა გადამზადება, გაიშლება პედაგოგიური სამეცნიერო საქმიანობა, შენარჩუნდება პედაგოგიური მემკვიდრეობა. ქართული პედაგოგიური სააზროვნებო  მემკვიდრეობა არ უნდა დაიკარგოს“, – აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მან სახელმძღვანელოების პრობლემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმძღვანელოები საკმაოდ მდარე ხარისხისაა, გასაუქმებელია სახელმძღვანელოების შეწონვისა და ხარისხის ფორმულა, რადგან იგი სათანადო შედეგებს არ იძლევა. სიმონ ნოზაძის განცხადებით, ძლიერ მოსწავლეებს ათთეთრიანი სახელმძღვანელოები ვერ გაგვიზრდიან, ძლიერ მოსწავლეებს ვერც უუფლებო და დაბალხელფასიანი მასწავლებლები გაზრდიან და ამდენად, მისი თქმით, რეფორმა ნამდვილად დროულია.

„მინდა ვთქვა, რომ სწორ გზაზე დგახართ როგორც რეფორმატორი მინისტრი. მე ვიცი, რომ ცოტაოდენი შეცდომები იქნებოდა დაშვებული და ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, მათ შორის, ოპოზიციამაც აიღეთ პასუხისმგებლობა, რომ შეცდომები არ იქნას დაშვებული და არა ისე, რომ მარტო პოლიტიკური მიზნებისათვის გამოვიყენოთ ხოლმე ტრიბუნა მინისტრის წინააღმდეგ. გავა წლები და თქვენ აუცილებლად დარჩებით როგორც რეფორმატორი მინისტრი. ამასთანავე, ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენ გაითვალისწინებთ პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდილებას და ქართველი თეორეტიკოსების გამოცდილებას“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ და მინისტრს და მის გუნდს რეფორმების ჩატარებაში  წარმატებები უსურვა.