სააკაშვილი ცდის, ,,ქართული ოცნების“ ნებისყოფას, „ოცნება“ კიდევ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე ცდის მის ნებისყოფას, ეს არის ამორალური – პაატა ზაქარეიშვილი

დღეს გვაქვს ორპოლუსიანი საქართველო და ამ ყველაფერში სააკაშვილის როლი დიდია – ამის შესახებ ,,ჯიემთივისთან“ საუბარში კონფლიქტოლოგმა და პოლიტიკურმა ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება“ და სააკაშვილი ერთმანეთის ნებისყოფას ცდიან.

ამასთან, როგორც ექსპერტი ამბობს, 30 ოქტომბრამდე სააკაშვილს უნდოდა აეწია პოლიტიკური ტემპერატურა და გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, ხოლო ახლა რას ითხოვს, გაუგებარია.

,,გაუგებარია სააკაშვილი რას ითხოვს. მას თავისი შიმშილობით უნდა, რომ რაღაცას მიაღწიოს. თვითონ ამას არ ამბობს, ამიტომ ჩვენ გვიწევს მარჩიელობა. 30 ოქტომბრამდე გასაგებია რაც უნდოდა, მას უნდოდა რომ აეწია პოლიტიკური ტემპერატურა და გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. მან ამას მიაღწია, გააძლიერა ,,ქართული ოცნება“ მიწი მოწინააღმდეგე პარტია და ,,ნაციონალური მოძრაობა“.

სააკაშვილი დაეხმარა ,,ქართულ ოცნებას“ რომ გაეკრიფა მას შუა პოლიტიკური ძალები და დღეს ფაქტობრივად გვაქვს ორპოლუსიანი საქართველო. ამ ყველაფერში მისი წვლილი დიდია. მან უბოძა ორივე პარტიას ხმების 3-4%ით მეტი რაოდენობა. ყველა ვინც მივიდა არჩევნებზე, ჩაერთო ამ თამაშში.

სააკაშვილს ახლა უნდა, რომ რაღაცნაირად მიაღწიოს წარმატებას, დაამარცხოს ,,ქართული ოცნება“ იმ ფორმით, რომ არ გატყდეს თვითონ. ,,ოცნების“ ამოცანაა, გატეხოს სააკაშვილი და აიძულოს, უარი თქვას შიმშილობაზე. თუ კონსილიუმი ატეხს განგაშს და გადაწყვეტენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ, მაშინ გამოდის რომ სააკაშვილმა მიაღწია მიზანს. მართლა ხომ არ მოკვდება. გამოვა, რომ ის აიძულებს საკუთარი ჯანმრთელობით ,,ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო საავადმყოფოში გადასვლას ან რაღაც ფორმით შედეგს მიაღწევს. ღირს ეს ყველაფერი ამად? მგონია, რომ არ ღირს. ჩემი მხრიდან, მოშიმშილე ადამიანის მიმართ არ იქნება კრიტიკა სწორი, მაგრამ არჩევნების ჩემდეგ, ვფიქრობ, მას უნდა შეეწყვიტა შიმშილობა ისევ საკუთარი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. ის ახლა ცდის, ,,ქართული ოცნების“ ნებისყოფას, ,,ოცნება“ კიდევ ცდის სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე მის ნებისყოფას. ეს არის ამორალური. სახელმწიფო უნდა იდგეს უფრო მაღლა და იყოს უფრო პრინციპული“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.