სალომე სამადაშვილი – უმრავლესობის რეზოლუცია საკმაოდ სუსტია – მასში ახალი არაფერი წერია

საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტი ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე წარადგინა. ტექსტთან დაკავშირებით შენიშვნები მაქვს, რადგან საკმაოდ სუსტია ტექსტი. როცა ახალ პოლიტიკურ მოცემულობაში ვართ, გაუგებარია რეზოლუცია, რომელიც ახალს არაფერს ამბობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სანქციებზეა საუბარი, მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არანაირ სანქციებს აზრი არ აქვს.

„გაუგებარია, რა პოლიტიკური სიგნალია ეს ჩვენი პარტნიორებისთვის დასავლეთში, ან ქართველი ხალხისთვის. რეზოლუციის მიღებას აქვს აზრი, როცა იქ არის მკაფიო პოლიტიკური პოზიციები ასახული და მკაფიო მითითებებია გაცემული აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ ვხედავ, ეს საკმაოდ სუსტი ტექსტია. კიდევ ერთი პარადოქსია – რეზოლუციის ტექსტში, საუბარია სანქციებზე. ხელისუფლება ამ პარადოქსულ ვითარებაში აღმოჩნდა, როცა თავად ცალსახად აცხადებს ღარიბაშვილი, რომ არავითარ სანქციებს აზრი არ აქვს უკრაინის წინააღმდეგ და ამის პარალელურად, წარმოდგენილ რეზოლუციაში საუბარია სანქციებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. როცა შენ დასავლეთს სთხოვ დახმარებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სთხოვ, მათ შორის სანქციების რეჟიმის გაძლიერებას და ამ დროს გყავს პრემიერი, რომელიც აცხადებს, რომ არანაირ სანქციებს აზრი არ აქვს და შესაბამისად, არანაირ სანქციებს საქართველო არ მიუერთდება. ეს არის მაგალითი, თუ რატომ არის აბსურდული დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია, დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის და დაშორებული იმ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც დღეს დასავლეთში არსებობს“, – განაცხადა სამადაშვილმა.