4 წლის განმავლობაში მიწას უფასოდ ვუხნავდით, ამიერიდან თავად მოუაროს!

2017 წლის ბიუჯეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გათვალისწინებული აღარ არის, თუმცა, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი ამბობს, სოფლის პროგრამა გაერთიანდა რეგიონალურ ფონდებთან და მუნიციპალიტეტები ვალდებულნი იქნებიან უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა პროექტების შერჩევის პროცესში.

საჭიროების შემთხვევაში გამგეობებმა თანხა თავად უნდა მოითხოვონ, რისთვისაც რამდენიმე პროცედურის გავლა მოუწევთ.

4 წლის განმავლობაში მიმდინარე პროგრამებს გაზეთ „რეზონანსთან“ უკვე გამოეხმაურა  ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე და განაცხადა, რომ  ოთხი წლის შემდეგ გარკვეული პროგრამები საჭირო აღარ არის.

-„უკვე ვხედავთ, რომე გარკვეული პროგრამები საჭირო აღარაა. მაგალითად 4 წლის განმავლობაში მცირე ფერმებს მიწას უფასოდ ვუხნავდით. იმ ადამიანებს, ვისაც მიწაზე მუშაობა უნდათ, ამ 4 წლის განმავლობაში უნდა შეექმნათ საფუძველი, რომ ამიერიდან თავის მიწას თავად მოუაროს.,

მიუხედავად იმისა, რომ დახმარებები და მიზნობრივი პროგრამები კიდევ არის, მიზანშეწონილად აღარ მიმაჩნია, რომ მიწები ყველას გადავუხნათ.

ამ გადახვნამ თავისი საქმე უკვე გააკეთა. ადამიანებმა უკვე დაინახეს, რომ მიწას შეუძლია ოჯახი არჩინოს. როცა სოფლებში ადამიანებს ვხდები, მეუბნებიან, რომ თუკი ოჯახში ორი შრომისუნარიანი წევრი მაინც არის და მიწა აქვთ ძირითადი პრობლემა დაძლეულია. რაც მოჰყავთ, ყველაფერი იყიდება“-განაცხადა გუგული მაღრაძემ „რეზონანსთან“ ინტერვუიში.

კომენტარის დატოვება