„რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს, ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა და ამ თემასთან დაკავშირებით, რუს ხალხს მიმართა.

მისი, თქმით ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა უპრეცედენტო დონის ტერორია და უკრაინა და მთლიანად ევროპა გადაურჩა ღამეს, რომელსაც მათი ისტორიის შეჩერება შეეძლო.

„უკრაინელებო! ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც უკრაინისა და ევროპის ისტორიის შეჩერება შეეძლო. რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ელექტროსადგურს, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია და მხოლოდ ის შეიძლება იყოს „ექვსჯერ აღებული ჩერნობილი“. რუსმა ოკუპანტებმა და სამხედროებმა გამიზნულად დაბომბეს ელექტროსადგური, რაც არის საერთაშორისო და უპრეცედენტო დონის ტერორი.

რუსო ხალხნო, მინდა მოგმართოთ: როგორ არის ეს საერთოდ შესაძლებელი? ჩვენ 1986 წელს ერთად ვებრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს. უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული დამწვარი გრაფიტი და მსხვერპლი.

თქვენ უნდა გახსოვდეთ ნათება განადგურებული ელექტროსადგურის ზემოთ. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ევაკუაცია პრიპიატიდან და 30 კილომეტრიანი ზონიდან. როგორ შეგიძლიათ დაივიწყოთ? და თუ არ დაგავიწყდათ, მაშინ ვერ გაჩუმდებით. თქვენ უნდა მიმართოთ თქვენს ხელისუფლებას, გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვათ, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე, რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი“, – განაცხადა ზელენსკიმ.