დავით არახამია – ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ქართულ რძესა და ღვინოზე სანქციები მოხსნა – ქართველო ხალხო, გაარკვიეთ ხელისუფლებასთან, ასეთი ღალატისა და ზურგში ჩარტყმული დანის ხილვას თქვენგან არ ვისურვებდით

ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ და უკრაინაში ვცხოვრობ – დღეს ნამდვილად მრცხვენია, – ასე გამოეხმაურა უკრაინის უმაღლეს რადას ფრაქცი „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთმა ქართულ რძესა და სხვა სახის პროდუქტზე შეზღუდვა მოხსნა და ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაუბრკოლებლად შევა.

იგი ამ საქციელს უკრაინელებისთვის „ზურგში დანის ჩარტყმად“  აღიქვამს.

„მსურს მივმართო ქართველ ხალხს, პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლებას. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ქართულ რძეზე და ღვინოზე ეკონომიკური სანქციები მოხსნა, რათა უკრაინაში ომის დროს საქართველოს კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ქართველი ვარ და ყველა ქართველს მსურს შევახსენო, როდესაც რუსეთი მოღალატურად თავს დაესხა საქართველოს, უკრაინამ უმალვე, თავისი ეკონომიკური დანაკარგის გაუთვალისწინებლად, საქართველოს ყოველგვარი აუცილებელი მხარდაჭერა გამოუცხადა – მისცა შეიარაღება, დაეხმარა სამხედრო ინსტრუქტორებით, რათა მეგობარი, მოძმე ერს გვერდში დადგომოდა. თქვენი აზრით, ახლა, როდესაც რუსეთი უკვე უკრაინას დაესხა თავს, საქართველომ უკრაინას ნორმალურად უპასუხა? გთხოვთ, ქართველო ხალხო, თქვენი მჯერა – გაარკვიეთ თქვენს ხელისუფლებასთან, გადაწყვიტეთ ეს საკითხი, რადგან ასეთი ღალატისა და ზურგში ჩარტყმული დანის ხილვას ქართველი ხალხის მხრიდან არ ვისურვებდით. ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ და ვცხოვრობ უკრაინაში და აქაურ ხელისუფლებაში ვარ. დღეს ნამდვილად მრცხვენია“, – განაცხადა დავით არახამიამ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი რუსეთთან რძის პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავდა. რუსული მედიის ცნობით კი, ქართული პროდუქცია რუსეთში გავა.

მოგვიანებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.