რუსეთი ბავშვებს ბომბავს და ჩვენი ხელისუფლება მას რძის პროდუქტებზე ესაუბრება, ეს არის სამარცხვინო – თაკო ჩარკვიანი

რუსეთი ბავშვებს ბომბავს და ჩვენი ხელისუფლება მას რძის პროდუქტებზე ესაუბრება. ეს არის სირცხვილი, რომელიც მუქი, სამარცხვინო ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში,- ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მხრიდან ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის ბაზრის გახსნის საკითხს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ომში ჩართვას არავინ სთხოვს, მაგრამ დასავლური ღირებულებების მატარებელი უნდა იყოს.

„ერთია ომში პირდაპირი ჩართულობა, რასაც არავინ არავის სთხოვს, მაგრამ მეორეა, რომ თუ დასავლეთი გინდა, იმ დასავლური ღირებულებების მატარებელი უნდა იყო. თუ გინდა რუსული სამართლებრივი სისტემა, რუსული ღირებულებები და ის, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწიო ამ სამარცხვინო პროცესს, ვერასდროს გახდები ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

რაც შეეხება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, ჩარკვიანის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თავიანთ საბანკო ბარათებს ვერ გამოიყენებენ, ნაღდ ფულს დახარჯავენ, რაც „შავი ფული“ იქნება.

„თუ მიხეილ სააკაშვილი ისე შემოვიდა ქვეყანაში, რომ უშიშროებას არ გაუგია, თქვენ წარმოიდგინეთ ოკუპირებულ ქვეყანაში რა რაოდენობის დივერსანტების გადმოსხმა შეუძლია. ამასთან, რუსეთის მოქალაქეებს პლასტიკური ბარათები უკვე გაუქმებული აქვთ, არ აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ბარათები, ამიტომ ისინი აპირებენ ,,ქეშით” გადახდას, ეს არის შავი ფული. შავი ფულის შემოტანა კი არის ქვეყნისთვის ეკონომიკური დივერსია, ფულის „რეცხვა“ და პენსიონერის ჯიბეში ხელის ჩაყოფა. ვინც ბინის გაქირავებას დააპირებს, უნდა იცოდეს, რომ „შავ ფულთან“ ექნება საქმე. ვისაც გადმოისვრის ოკუპანტი ჩვენს ქვეყანაში, ცოტა ხანში იმის დაცვას დაიწყებს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.