ევროკავშირის მაღალ სტანდარტებთან ბევრი სფეროს მისადაგება მოგვიწევს, მსჯელობა იქნება ყველა რეფორმაზე – ირაკლი ქადაგიშვილი

ევროკავშირის მაღალ სტანდარტებთან ბევრი სფეროს მისადაგება მოგვიწევს, საგნობრივი მსჯელობა იქნება ყველა რეფორმასთან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო რეფორმიდან, დამთავრებული სოციალური საკითხებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი არ იქნება მოკლე პერიოდი, მაგრამ იქნება ძალიან საინტერესო.

„ევროკავშირის მაღალ სტანდარტებთან ბევრი სფეროს მისადაგება მოგვიწევს. აქედან გამომდინარე, საგნობრივი მსჯელობა იქნება ყველა რეფორმასთან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო რეფორმიდან, დამთავრებული სოციალური საკითხებით. ეს პროცესი მიმართული იქნება ქვეყნის განვითარებისკენ, რადგან ამ რეფორმებმა ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებთან უნდა დაახლოოს. რა თქმა უნდა, იქნება შენიშვნები და შეფასებები. ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, სადაც ვეცდებით, წარმატებული ვიყოთ. ომის დროს ვხედავთ, უკრაინის მხრიდან რამხელა მოთხოვნაა უკრაინის მხრიდან უფრო აქტიური დაცვის, მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების დონეზე, არამედ სანქციების დონეზე, რაც რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზიანებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ომში, უკრაინას ქმედითი დაცვა სჭირდება. ევროპამ თავისი მიდგომა და დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა იმ ქვეყნების მიმართ, ვისაც ევროკავშირის მიმართ ასპირაცია გააჩნიათ. ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ რეფორმები არ გვექნება გასატარებელი, მაგრამ ამ რეფორმების გზაზე მათი დახმარება და დამოკიდებულებაც იქნება უფრო ადეკვატური და დაახლოებული მიზნების მიღწევასთან. მიმაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირში წევრობა. ევროკავშირის წევრი ვერ გახდები, თუ გარკვეულ სტანდარტებამდე არ მიხვალ. ეს არის მოცემულობა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფნის და გარკვეული სტანდარტების შესაბამისობა სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.