მსგავსი მოღალატეობრივი საქციელით „ქართული ოცნება“ უარს ამბობს მომავალში ქვეყნის დეოკუპაციაზე – გიორგი კანდელაკი

შეთანხმებული ხაზია, როგორც ჩანს პრემიერის დონეზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დონეზე, რომ მათ არა თუ სიტყვა აგრესიის, არამედ რუსეთის ხსენებაც კი აკრძალული აქვთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის საქართველოს ღალატი და მთავრობა უარს ამბობს მომავალში ქვეყნის დეოკუპაციაზე.

„შეთანხმებული ხაზია, როგორც ჩანს პრემიერის დონეზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დონეზე, რომ მათ არა თუ სიტყვა აგრესიის, არა თუ სიტყვა სამხედრო შეჭრის, არამედ რუსეთის ხსენებაც კი აკრძალული აქვთ. პრაგმატიზმსა და უღირსობას შორის, პრაგმატიზმსა და ღალატს შორის დიდი ზღვარია, ეს ერთი და იგივე არ არის. ამ უღირსი, მოღალატეობრივი საქციელით, არ მინდა ამის თქმა, თუმცა სხვა გზა არ არის, ეს არის საქართველოს ღალატი, მთავრობა უარს ამბობს მომავალში ქვეყნის დეოკუპაციაზე“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.