დღევანდელი უპასუხისმგებლო მთავრობის ხელში რუსეთიდან დევნილების ამ მასშტაბის შემოსვლა, შესაძლოა, უკონტროლო ვითარებაში გადაიზარდოს – აკაკი ბობოხიძე

დღევანდელი უპასუხისმგებლო მთავრობის ხელში რუსეთიდან დევნილების ამ მასშტაბის შემოსვლა, შესაძლოა, უკონტროლო ვითარებაში გადაიზარდოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, გაუკონტროლებელ პროცესებს ჰქონდეს ადგილი.

„საქართველოს მასშტაბის სახელმწიფოსთვის დევნილების ეს რაოდენობა არათუ ოკუპანტი ქვეყნიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც კი, შესაძლოა, პრობლემად იქცეს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებდი დაფიქრდნენ და მინიმუმ კრიტიკულ რაოდენობას მაინც ნუ გადააჭარბებს ოკუპანტი ქვეყნიდან ადამიანების შემოდინება საქართველოში.

შესაძლოა, გაუკონტროლებელ პროცესებს ჰქონდეს ადგილი. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს საზოგადოება იძულებით შეაგუოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებთან თანაცხოვრებას, ეს ასე მარტივი არ იქნება. თუ პროცესი მართვიდან გავიდა, ეს საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. ეს ადამიანები დღესვე არიან მზად რუსულ ოკუპაციას დანებდნენ თუ ამის საჭიროება დადგება.

როდესაც პრემიერი ღარიბაშვილია რუსებს დივერსანტების გამოყენების საჭიროება არ აქვთ. მთავარი საფრთხე საქართველოს ხელისუფლებაა და არა შემოსული ხალხი. თუ დადგება უკრაინელი დევნილების მიღების საჭიროება, მაინტერესებს როგორ აპირებს ხელისუფლება უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და რუსი და უკრაინელი ხალხის მშვიდ თანაცხოვრება ჩვენს ქვეყანაში?“ – განაცხადა ბობოხიძემ.