რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად მუშაობს, ცვლიან ისტორიულ ფაქტებს, კრემლი სამხედრო სიტუაციაზე განუწყვეტლივ იტყუება – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ პუტინი პროპაგანდისტულ მანქანას საკუთარი მოსახლეობის მიმართაც იყენებს და მალავს უკრაინაში შეჭრის ჭეშმარიტ მიზეზებს.

ბორელი აღნიშნავს, რომ პუტინი დეზინფრომაციული კამპანიით, ევროპული ინსტიტუტების შერყევასა და დესტაბილიზაციას ცდილობს.

„ჩვენ მოწმე ვართ, თუ როგორ გრძელდება რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე. კრემლი აგრძელებს საინფორმაციო მანიპულაციებს, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის გამოწვევაა და ამას უნდა ვუპასუხოთ. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად მუშაობს. ამას კი პუტინი საკუთარი მოსახლეობის მიმართაც იყენებს და მალავს უკრაინაში შეჭრის ჭეშმარიტ მიზეზებს. ისინი აცხადებენ, რომ ზელენსკი გენოციდს ეწევა უკრაინაში, ამბობენ, რომ ის მტერია. თითქოს რუსეთი ნაციზმს ებრძვის. ისინი ცვლიან ისტორიულ ფაქტებს, კრემლი სამხედრო სიტუაციაზე განუწყვეტლივ იტყუება.

ისინი ბომბავენ სახლებს, სკოლებს საბავშვო ბაღებს მშვიდობიან მოსახლეობას. კრემლმა დაბლოკა “ტვიტერი” და სხვა სოციალური ქსელები. მათ აამოქმედეს კანონი – სამხედროებზე დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, ადამიანები ციხეში წავლენ. პუტინი მოსახლოებას იზოლაციაში, ე.წ. ბაბლში ამყოფებს. დევნის თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს.

ჩვენ აქტიურად ვებრძვით კრემლის დეზინფორმაციას. მათ სამიზნეში ამოღებული ჰყავთ არჩევნები, ასევე ვაქცინაციის საკითხი. მათი მიზანია ყალბი ინფორმაციით, ევროპული ინსტიტუტების შერყევა და დესტაბილიზაცია. აი რატომ შექმნა რუსეთმა “სპუტნიკი”. რადგან დეზინფორმაცია დემოკრატიასთან საბრძოლველი იარაღია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად,”- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.