დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელი – მოვუწოდებ მოსახლეობას, ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი

თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდა დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა

მისი თქმით,  ბოლო დღეებში, სავაჭრო ქსელებში მიწოდების მხრივ შეფერხებები დაფიქსირდა, რაც მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება და ხელოვნურად იწვევს დეფიციტს.

„გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდა დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

როგორც დღს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  განაცხადა, სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ ქვეყანაში არანაირი დეფიციტი არ არსებობს.