კობა გვენეტაძე – რისკები, რაც არის შეფასებული, შეიძლება ვთქვათ, ამ ეტაპზე უკვე ასახულია გაცვლით კურსში – გარკვეულ დონეზე იქნება საექსპორტო შემოსავლების, გადმორიცხვების შემცირება, ტურისტული შემოსავლების შემცირება ჩვენი ორი პარტნიორი ქვეყნიდან

მცურავ გაცვლით კურსს აქვს თვისება, როდესაც რაიმე მოლოდინები არსებობს, ის უკვე მაშინვე იწყებს მუშაობას და მაშინვე ისახება კურსში. რისკები, რაც ახლა არის შეფასებული, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე უკვე ასახულია გაცვლით კურსში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ლარი არ ყოფილა ერთადერთი ადგილობრივი ვალუტა, რომელმაც გაუფასურება განიცადა.

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის აგრესიულმა ქმედებებმა შექმნა მოლოდინი ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესების შესახებ. სწორედ ამ მოლოდინმა, რამაც შეიძლება, გააუარესოს სიტუაცია, შექმნა დაძაბულობა გაცვლით კურსზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რეგიონში სიტუაცია არ არის კარგი, ზუსტად კიდევ არ ვიცით, როგორ განვითარდება ეს მოვლენები და პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია, თუმცა გარკვეულ დონეზე იქნება საექსპორტო შემოსავლების, გადმორიცხვების შემცირება, ტურისტული შემოსავლების შემცირება ჩვენი ორი პარტნიორი ქვეყნიდან.

ზუსტად ამაზე იყო გაცვლითი კურსის რეაქცია, ანუ ის დადებითი მიმართულებები, რაც ომამდე იყო შეიცვალა უარყოფითი მოლოდინებით. მოგეხსენებათ, როგორ დადებითად მიმდინარეობდა კურსთან დაკავშირებით განვითარებები. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცურავ გაცვლით კურსს აქვს თვისება, როდესაც რაიმე მოლოდინები არსებობს, ის მაშინვე იწყებს მუშაობას და მაშინვე ისახება კურსში. ის რისკები, რაც ახლა არის შეფასებული, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე უკვე ასახულია გაცვლით კურსში. ლარი ნამდვილად არ ყოფილა ერთადერთი ადგილობრივი ვალუტა, რომელმაც გაუფასურება განიცადა. ჩვენ თუ ავიღებთ ჩეხურ კრონას, პოლონურ ზლოტს, სომხეთის ვალუტას, ეს ვალუტებიც გაუფასურდა. ასე რომ, მოლოდინები, რომ გარკვეული დანაკლისი ექნება ეკონომიკას, აისახა გაცვლით კურსში. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე უკვე გარკვეულწილად სრულად არის ასახული.

ამ დროს ყველაზე კარგია, რომ მოლოდინს, რაც არსებობს, ყველაზე კარგად უმკლავდება მცურავი გაცვლითი კურსი, ეს არის ე.წ. ავტომატური სტაბილიზატორი, რაც გულისხმობს, რომ ის თავიდანვე იღებს იმ რისკებს, თავიდანვე აკეთებს ამ შოკის აბსორბციას. ვთქვათ, შემდეგში მეტად თუ გაუფასურდება ვალუტა, მაგრამ მომავალში მოსალოდნელია, რომ სიტუაცია აღარ გაუარესდეს ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, ის უკვე გამყარებას დაიწყებს ან კიდევ მეტად შეიცვლის თავის წონასწორულ მდგომარეობას. ვთქვათ, უფრო ცუდ შემთხვევაში, მაგალითად, თუ გაუარესებული იქნა სიტუაცია, უკვე დიდი ნაწილი ასახული იქნება და კორექტირებას სულ ცოტა დასჭირდება.

მთავარია, რომ მოლოდინი, რაც არსებობს, გარკვეულწილად უნდა აისახოს. თუ თავიდანვე დასახული იქნა მიზანი, რომ ასეთი გაუარესებული სიტუაციის დროს საერთოდ მოძრაობა არ ჰქონდეს გაცვლით კურსს, ეს ნიშნავს, რომ ის აუცილებლად დაიწყებს რისკების დაგროვებას და შემდეგ აუცილებელი იქნება გაცილებით დიდი გაუფასურება. აქედან გამომდინარე, მოლოდინებს ყველაზე კარგად ისრუტავს მცურავი გაცვლითი კურსი.

რაც შეეხება ინტერვენციებს, ხშირად სახელდება ინტერვენციები, რომ მათი საშუალებით შეიძლება ამ პროცესის შეჩერება. უნდა ვთქვა, რომ მაშინ, როდესაც ასეთი გაუფასურების მოლოდინია, შეუძლებელია ამასთან ბრძოლა, გარკვეულწილად უნდა მოხდეს ვალუტის კურსის კორექტირება. არის სიტუაცია, როდესაც ინტერვენცია ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია. ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.