ევროკავშირის ლიდერების მხრიდან მივიღეთ მძლავრი გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვფიქრობ, პროცესი შეუქცევადია – დავით ზალკანიანი

ევროკავშირის ლიდერების მხრიდან გუშინ მივიღეთ კიდევ ერთი ძალიან მძლავრი გზავნილი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ვფიქრობ, პროცესი უკვე შეუქცევადია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, პროცესი ფორმალურად დაიწყო რვა მარტს, როდესაც ბრიუსელში მოხდა განხილვა და ევროპულმა საბჭომ მიმართა ევროკომისიას, რომ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსის პროცედურებთან დაკავშირებული ყველა მოქმედება.

„გუშინ გაიმართა მარსელში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი. განცხადება, რომელიც იყო დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე ომთან, იყო ყოვლისმომცველი უკრაინასთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადების ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის საკითხის მიცემასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყება. ვფიქრობ, ეს უკვე არის ერთგვარი საბოლოო ბეჭედი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს პროცესი დაიწყო ფორმალურადაც და ეს იქნება შეუქცევადი. ახლა რას ველით ჩვენ – შემდეგი ეტაპი გახლავთ ის, რომ ევროკომისია კანდიდატის წევრებს გაუგზავნის შესაბამის კითხვარს და ეს იქნება ძალიან მოცულობითი, რომელიც მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის კრიტერიუმის დასაკამყოფილებლად. ამისთვის ჩვენ უნდა განვახორციელოთ სერიოზული საქმიანობა ყველა უწყებამ, როგორც აღმასრულებელმა ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებამ. უნდა იყოს ასევე ჩართული სამოქალაქო საზოგადოებაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კითხვარი იყოს სათანადოდ შევსებული. ზუსტად იყოს პასუხები გაცემული ყველა იმ კრიტერიუმზე, რასაც მოიცავს ეს კითხვარი. შემდეგ, როდესაც მზად ვიქნებით, შევსებული ფორმით უნდა დაუბრუნდეს ევროკომისიას, რომელიც უკვე საბოლოოდ გადაწყვეტს სამივე ქვეყანასთან მიმართებაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. ეს არის პროცედურები, რომელსაც ჩვენ ველოდებით უახლოეს მომავალში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კითხვაზე, არსებობს მოსაზრებებიც, რომ ახლა რეალურად მიმდინარეობს უკრაინის საკითხზე დაჩქარებულ რეჟიმში მსჯელობა, მაგრამ საქართველოს ეთქვა უარი, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს არის ტყუილი.

„ისე არ უნდა იყოს გაგებული, რომ ჩვენ რაღაცნაირად განცალკევებული ვართ ამ პროცესისგან. პროცესი დაიწყო სამივე ქვეყანასთან მიმართებაში, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყანა გაივლის ამ პროცესს. გასაგებია ჩვენთვის ევროკავშირის ლიდერების ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება უკრაინის მიმართ და გასაკვირი იქნებოდა, რომ ასეთი მსგავსი მიდგომა არ ყოფილიყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ხელისუფლების ორივე შტო, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო, არის ერთიან პოზიციაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ სერიოზული გზავნილია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოს, მთლიანად ხელისუფლებაში ორივე შტოს შორის არის სრული კონსენსუსი ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.