ატომური ენერგიის სააგენტო: ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია

უკრაინის ბირთვული მარეგულირებლის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება.

„უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განუცხადა: ტექნიკოსებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე; ტერიტორიის გარეთ ელექტროენერგია კვლავ გამორთულია; დიზელის გენერატორებისთვის მიწოდებულ იქნა დამატებითი საწვავი; პერსონალის ცვლილება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს 24 თებერვლიდან რუსული საოკუპაციო ჯარები აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობის ბრძანება გასცა. უწყების ცნობით, ამის შემდეგ მოსკოვი შეეცდება ეს ფაქტი უკრაინულ მხარეს დააბრალოს.