კიევის მერთან არ დაურეკავს კალაძეს, მაგრამ ხარკოვის მერთან დარეკა –  შეეშალა, აერია რა მნიშვნელობა აქვს ხარკოვი იქნება თუ კიევი – დიდი ბოდიში, მაგრამ კალაძეზე მაღალი აზრის არასოდეს ვყოფილვარ – გია ხუხაშვილი

„დღეს ნებისმიერი დასავლური ქვეყანა ასეთი სანქციების პირისპირ უკვე ჩამოშლილი იქნებოდა, მაგრამ რუსების ეთნოფსიქოლოგია ოდნავ განსხვავებულია“, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას „პალიტრას“ ეთერში განაცხადა.

ხუხაშვილი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოვლენებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვს.

„სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. უნდა გვესმოდეს, რომ ეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომი კი არ არის, ასე კი არ უნდა დავავიწროვოთ სურათი, ეს არის გლობალური მესამე მსოფლიო ომი და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ეკონომიკური ნაწილია.

ეკონომიკა გლობალიზებულია დღეის მდგომარეობით, არცერთ ქვეყანას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, საბჭოთა კავშირის ფენომენი დღეს აღარ მუშაობს. აქედან გამომდინარე ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა რუსეთის შემთხვევაში ჩვენ თუ დასავლური სტანდარტებით მივუდგებით, დღეს ნებისმიერი დასავლური ქვეყანა ასეთი სანქციების პირისპირ უკვე ჩამოშლილი იქნებოდა, მაგრამ რუსების ეთნოფსიქოლოგია ოდნავ განსხვავებულია.

ეს „ველიკოდერჟავული“ გაგება, სამყაროს აღქმა, იმპერიული აღქმა დომინირებს ეკონომიკურ პრობლემებზე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური სანქციები ეფექტური იქნება, მაგრამ ცოტა მეტი დრო დასჭირდება. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს. ზოგიერთ ექსპერტი მოლოდინს ქმნის, რომ 1 კვირაში ჩამოიშლება, ასე არ იქნება, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით,  ჩვენ მთელი ჩვენი პოლიტიკა ავაგეთ შიშზე და რუსეთის სურვილების აღსრულებაზე.

,,ხელისუფლებას მთელი თავისი პოლიტიკა დემაგოგიაზე აქვს აგებული, ისინი არც პრო-რუსები არიან და არც პრო-დასავლურები, მაგრამ მათი ერთადერთი ფასეულობა არის ძალაუფლება და ამ პრიზმაში უყურებენ სამყაროს. მათ თავიანთი პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციეს შიში ძლიერის მიმართ და ამაზე ააგეს მთელი პროპაგანდა, როდესაც ამბობ, რომ არ უნდა გააღიზიანო ძლიერი და გეშინია მისი, ამავდროულად ამბობ, რომ უნდა იქცეოდე ისე, როგორც ძლიერს უნდა. ჩვენ მთელი ჩვენი პოლიტიკა ავაგეთ შიშზე და რუსეთის სურვილების აღსრულებაზე, უკვე მათი ლუკმა ვართ. რუსეთის ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ ჩვენ გვეშინოდეს, ჩვენი ხელისუფლება ამას ასრულებს. ხელისუფლება ამას არქმევს სიფრთხილეს და სიბრძნეს, მცნებების აღრევასთან გვაქვს საქმე, შიში არ შეიძლება სიბრძნედ იყოს გადმოცემული.

კიევის მერთან არ დაურეკავს კალაძეს, მაგრამ ხარკოვის მერთან დარეკა –  შეეშალა, აერია რა მნიშვნელობა აქვს ხარკოვი იქნება თუ კიევი. აი, ამ აბსურდში ვცხოვრობთ. დიდი ბოდიში, მაგრამ კალაძეზე მაღალი აზრის არასოდეს ვყოფილვარ.”-  აღნიშნავს ხუხაშვილი.