,,ქართულმა ოცნებამ” თავად იცის, რომ წაგებულ პოლიტიკურ თამაშში შევიდა – ამას მოწმობს კობახიძის ისტერიული ტონი, რითიც ის პრეზიდენტს პასუხობს – სალომე სამადაშვილი

ის სრულიად ისტერიული ტონი, რომლითაც კობახიძე პასუხობს ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას, ერთ რამეს ადასტურებს – „ქართულმა ოცნებამ” თავად იცის ყველაზე კარგად, რომ სრულიად წაგებულ პოლიტიკურ თამაშში შევიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება” სრულ სასოწარკვეთილებაშია.

„თავად იციან, მათ მიერ გატარებული პოლიტიკა მათ აქცევს იზოლაციაში არამხოლოდ ქართველი ხალხის პოზიციიდან, არამედ ასევე, უკიდურესად დასუსტდა მათი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე და ის სრულიად ისტერიული ტონი, რომლითაც კობახიძე პასუხობს ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას, ერთ რამეს ადასტურებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავად იცის ყველაზე კარგად, რომ სრულიად წაგებულ პოლიტიკურ თამაშში შევიდა, რაც მათ მიერ ხელისუფლების დაკარგვით დასრულდება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას მისი საერთაშორისო საქმიანობის მიმართ ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა და ამას გაუგებარი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, 26 თებერვალს მას უარი ეთქვა პარიზში, ბერლინში, ვარშავასა და ბრიუსელში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე. მისივე თქმით, შეხვედრები მან პირადი კონტაქტების მეშვეობით გამართა და სამუშაო შეხვედრები პირად შეხვედრებად აქცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტები მთავრობის დასტურის გარეშე განხორციელდა, „გამოდის, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია“, რაშიც გაერკვევიან.