ჩვენ გვჭირდება მეტი სანქცია ყველასგან, გამონაკლისების გარეშე, თუ მსოფლიო დღეს არ დაგვეხმარება, მტერი მივა სხვებთანაც – უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი

უკრაინა მადლობელია ქართველი ხალხის და საქართველოსი მათი სოლიდარობისთვის, ამ რთულ დროს მათი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ყოველდღიურად ავლენს საკუთარ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი.

„ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო მეგობრებო, დღეს მსურს, ვთქვა, რომ უკრაინა მადლობელია ქართველი ხალხის და საქართველოსი მათი სოლიდარობისთვის, მათი მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის უკრაინის მტკიცე მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ქართველი ხალხი ყოველდღიურად ავლენს საკუთარ სოლიდარობას და მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი. ჩვენ, უკრაინელები, ამ მხარდაჭერას ვგრძნობთ, ყველა უკრაინელი, რომელიც ჩამოდის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთ-უკრაინის ომის გამო, გრძნობს ამ მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას დაესწრო.

ამასთან, ანდრეი კასანოვმა აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო მეტი სანქცია და სანქციები ყველასგან.

„მტერი განაგრძობს მკვლელობებს. მტერი აგრძელებს ომის დანაშაულებების ჩადენას ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჩვენი შვილების წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაცია ამჟამად იზოლაციაშია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან მტერი განაგრძობს მკვლელობას უდანაშაულო ხალხის, უკრაინის მშვიდობიანი ხალხის და ბავშვების.

სანქციები არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი სანქციები, ჩვენ გვჭირდება სანქციები ყველასგან. მსურს, მკაფიოდ ვთქვა, ჩვენ გვჭირდება მეტი სანქცია ყველასგან, გამონაკლისების გარეშე. თუ მსოფლიო ჩვენ დღეს არ დაგვეხმარება, მტერი მივა სხვებთანაც. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ახსოვს და არასოდეს დაივიწყებს ქართველების ტკივილს, ქართველ ლტოლვილებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.