პრეზიდენტი უკვე ვერ მალავს იმ უზარმაზარ პრობლემებს, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით აქვს – გიორგი ვაშაძე

პრეზიდენტი უკვე ვერ მალავს იმ უზარმაზარ პრობლემებს, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით აქვს – ფაქტია, „ქართული ოცნების“ დღევანდელ პოზიციას საგარეო ასპარეზთან დაკავშირებით პრეზიდენტიც არ იზიარებს, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას.

როგორც ვაშაძე განმარტავს, პრეზიდენტი შეცდომას უშვებს, როდესაც ოპოზიციას ერთ ფლანგად მოიხსენიებს.

„ფაქტია, რომ პრეზიდენტი უკვე ვერ მალავს იმ უზარმაზარ პრობლემებს, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით აქვს. „ქართული ოცნება“ არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადადგან. ძალიან სწორი აქცენტი იყო უკრაინასთან დაკავშირებით არასწორ პოზიციაზე, რომელიც დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამ“. მისი შეცდომაა, როდესაც ის ოპოზიციას ერთ ფლანგად მოიხსენიებს. ოპოზიციაში სხვადასხვა ოპოზიციური ძალაა, ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

19 აპრილის შეთანხმების შესრულებაზე ის არის პასუხისმგებელი. სწორედ ეს არის ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის გზა. სამწუხაროდ, მან ამაზე ყურადღება არ გაამახვილა. ჩვენი შეთავაზება ძალაშია, თუნდაც მასთან ერთად საერთო დელეგაცია ბრიუსელში, რომელიც ამ ერთიანობას, რომელზეც ის საუბრობს, დააფიქსირებს ევროპულ სარბიელზე, რომ დავაჩქაროთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები.

ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ სერიოზული პრობლემები აქვს. „ქართულ ოცნებას“ სურს თავისი აბნეული საგარეო პოლიტიკა საქართველოს სახე იყოს ევროპულ სარბიელზე. არ იყოს თუნდაც პრეზიდენტის მხრიდან განსხვავებული გზავნილები მიტანილი. ამიტომ არის, რომ ხელს უშლიან, დიდ კონფლიქტამდეა მისული მათ შორის ურთიერთობა.

დრო გვიჩვენებს, რა იქნება „ქართული ოცნების“ რეაქცია. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელ პოზიციას პრეზიდენტიც არ იზიარებს საგარეო ასპარეზთან დაკავშირებით” ,- აღნიშნავს ვაშაძე.