მამუკა მდინარაძე – იძულებულები ვართ პრეზიდენტს კარგად განვუმარტოთ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმების შესახებ, იმპიჩმენტზე საუბარი არ გვექნება

„პრეზიდენტის საგარეო შეხვედრები ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შედეგის მომტანი არ ყოფილა”, – , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის წარმომადგენელი მთავრობის წარმომადგენელი მიწვეული იყო სპეციალურ სხდომაზე, მთავრობის სამუშაო შეხვედრაზე, სადაც განემარტა გარკვეული რისკების შესახებ და იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელება არ შეუძლია.

„სამწუხაროდ საჭირო გახდა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და კომპეტენციები განმარტოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადგან პრეზიდენტის მხრიდან მისივე აღიარებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, რაც მოხდა არაერთ შემთხვევაში. დღეს მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია, თანხმობის გარეშე რომ განახორციელა ვიზიტი ეს დარღვევაა, მაგრამ პოლიტსაბჭოზე ასევე გავიგეთ, რომ წერილობითი უარი ჰქონდა იმ ორგანოს მხრიდან, რომელსაც აქვს უფლებამოსილება საგარეო სფეროში განახორციელოს ქვეყნის პოლიტიკის აღსრულება, მისი წარმომადგენელი მიწვეული იყო სპეციალურ სხდომაზე, მთავრობის სამუშაო შეხვედრაზე, სადაც განემარტა გარკვეული რისკების შესახებ და იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელება არ შეუძლია. განუმარტეს, რატომ უნდა ყოფილიყო რთულ სიტუაციაში ქვეყანაში და რატომ არ შეიძლებოდა დაეგეგმა შეუთანხმებლად შეხვედრები.

ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, პოპულისტური ხომ არ იყო ეს ნაბიჯები, მომგებიანი თემაა მისთვის, ვინც ამას აკეთებს. რა ჩამოიტანა, შედეგი რა იყო ამის? შეხვდა მაღალი თანამდებობის პირებს, რაც ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ამ შეხვედრების შედეგების შესახებ ერთი სიტყვა მოისმინეთ? ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო მობრძანებული, რომელიც გვეუბნებოდა, რომ პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან დაკავშირებით უნდა გააკეთოს მოხსენება, ერთი სიტყვაც არ მოგვისმენია გარდა ზოგადი ფრაზებისა. პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ამის აღსრულებას, პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება, მას აქვს ბევრი სიმბოლური, ცერემონიული კომპეტენეცია და არსებობს ერთადერთი დაშვება, რომ მან საგარეო ურთიერთობებში წარმოადგინოს ქვეყანა, ისიც მთავრობის თანხმობით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი არ ექნება.

„ჩვენ იძულებულები ვართ პრეზიდენტს კარგად განვუმარტოთ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმების შესახებ, იმპიჩმენტზე საუბარი არ გვექნება, მაგრამ ამ რთული ვითარების ფონზეც კი ამაზე რომ არ ვისაუბროთ შეუძლებელია. კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა არცერთმა ქვეყანამ და პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაატაროს. გვსურს ყველამ დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და არ ამოეფარონ გარკვეულ მიზეზებს, ეს სპეციალური ჩანაწერით ევალება პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს. არ შეიძლება ფორმალურად მივიჩნიოთ ისეთი საკითხები, რაც კონსტიტუციურ პრინციპს წარმოადგენს, ეს ჩამოშლის სახელმწიფოს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.