ვწუხვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, „ცრუ დროშის“ ოპერაცია დაიწყოს, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს – სტოლტენბერგი

რუსეთი საუბრობს ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა და ქიმიურ იარაღზე უკრაინაში, ეს სიცრუეა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსები აბსურდულ ბრალდებას აჟღერებენ ბიოლოგიური ლაბორატორიებისა და ქიმიური იარაღის შესახებ უკრაინაში, რაც  ეს კიდევ ერთი სიცრუეა.

„თვეების განმავლობაში ჩვენ გამოვააშკარავეთ რუსეთის ტყუილების გრძელი სია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავდნენ. მაგრამ მათ ეს გააკეთეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სამხედრო ძალები გაჰყავდათ, თუმცა მეტი გაგზავნეს, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მოქალაქეებს იცავენ. ამის ნაცვლად კი, ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ახლა ისინი აბსურდულ ბრალდებას აჟღერებენ ბიოლოგიური ლაბორატორიებისა და ქიმიური იარაღის შესახებ უკრაინაში. ეს კიდევ ერთი სიცრუეა. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რადგან რუსეთს თავად შეუძლია, გამოიყენოს ქიმიური იარაღი. უკრაინელი ხალხი იბრძვის და იცავს თავიანთ სახლებსა და მომავალს. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ.

ხვალ ჩვენ შემოგვიერთდებიან უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და ჩვენი ძველი პარტნიორები – საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. მთელმა მსოფლიომ დაგმო ეს უაზრო ომი. ნატო-ს მოკავშირეებმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. მრავალი წლის განმავლობაში ნატო-ს მოკავშირეებმა ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს. ბევრი მათგანი ახლა ფრონტის ხაზზე იბრძვის. მოკავშირეებს ასევე მიეწოდებათ მნიშვნელოვანი ოდენობით კრიტიკული აღჭურვილობა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის იარაღები, დრონები, საბრძოლო მასალა და საწვავი. ეს წვრთნა და აღჭურვილობა ეხმარება უკრაინას თავის დაცვაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები, პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას ან ამ უფლების გამოყენებას სამხედრო აღჭურვილობითა და ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით.

„ნატო-ს მთავარი ამოცანაა ყველა მოკავშირის დაცვა. ჩვენ ამ კრიზისს სწრაფად ვუპასუხეთ, გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმები, ავამაღლეთ მზადყოფნა და პირველად განვათავსეთ ნატო-ს საპასუხო ძალები კოლექტიური თავდაცვისთვის. ამჟამად ალიანსის მასშტაბით ასობით ათასი სამხედროს მზადყოფნაა, 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი ევროპაში და დაახლოებით 40 000 ჯარისკაცი ძირითადად ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილებში. აშშ ამჟამად აგზავნის „პატრიოტის“ ბატარეებს პოლონეთში, ხოლო გერმანია და ნიდერლანდები ასევე ათავსებენ „პატრიოტებს“ სლოვაკეთში. ეს არის უტყუარი გზავნილი, რომ თავდასხმას ერთ მოკავშირეზე მოჰყვება გადამწყვეტი პასუხი მთელი ალიანსისგან. რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მისი სამხედრო ინტეგრაცია ბელარუსთან ქმნის ახალ უსაფრთხოების რეალობას ევროპის კონტინენტზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.