ჩვენ ვსაუბრობდით, რომ რუსეთს ცალი თვალი ჩაუკრეს, როცა ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადებები, მგონი, ახლა ორივე თვალი აქვთ ჩაკრული და თვალდახუჭული დგანან – მანჯგალაძე

ჩვენ ვსაუბრობდით, რომ რუსეთს ჩაუკრეს ცალი თვალი, როცა ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადებები, მგონი, ახლა ორივე თვალი აქვთ ჩაკრული და თვალდახუჭული დგანან,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გაიზარდა, რაც უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციები ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოვიდა.

“როცა საქართველოს მიმართ ისმოდა კრიტიკა, ,,ქართული ოცნება” ამბობდა, რომ პრეზიდენტი აკეთებდა სახელმწიფოს საქმეს, მაგრამ როგორც კი აშაკარა გახდა, რომ პრეზიდენტის განცხადებები სცდებოდა იმას, რასაც ,,ქართული ოცნება” საუბრობს, მათ გადაწყვიტეს განუდგნენ პრეზიდენტს. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს გააკეთეს სპეციალურად,”- განაცხადა მანჯგალაძემ.