მარიუპოლში თეატრში არსებულმა თავშესაფარმა დაბომბვას გაუძლო და ადამიანები, რომლებიც რუსულ ავიაიერიშებს ემალებოდნენ, გადარჩნენ

მარიუპოლის დრამატულ თეატრში მყოფი ყველა ადამიანი გადარჩა. თეატრის შენობას ბომბი მოხვდა. შენობა ნაწილობრივ დაინგრა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

როგორც უკრაინელმა დეპუტატმა სერგეი ტარატუტამ დაწერა, თეატრში მყოფი ადამიანები იმან გადაარჩინა, რომ ისინი დაბომბვის დროს ბომბსაფარში იმყოფებოდნენ.

„ბომბსაფარმა დარტყმას გაუძლო, ახლა მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. ყველა გადარჩა“ – წერს ტარატუტა.

16 მარტს მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსულმა თვითმფრინავმა ავიაბომბი ჩამოაგდო. მას ასობით ადამიანი აფარებდა თავს, დაბომბვის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში თეატრის შენობაში მყოფი ადამიანების შესახებ არაფერი იყო ცნობილი.