,,თქვენ მხოლოდ ეკონომიკა გაინტერესებდათ, თქვენი დახმარება დაგვიანებული იყო” – ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის ბუნდესტაგს

თქვენ მხოლოდ ეკონომიკა გაინტერესებდათ. თქვენი დახმარება დაგვიანებული იყო, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ვიდეოჩართვისას გერმანიის პარლამენტს, რა დროსაც მან ოფიციალური ბერლინი მწვავედ გააკრიტიკა.

ვირტუალური მიმართვისას უკრაინის პირველმა პირმა ბუნდესტაგი გაკიცხა იმ ყოყმანის გამო, რაც გერმანიამ გამოავლინა, როდესაც საქმე რუსეთისთვის ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებას ეხებოდა, იმის შიშით, რომ ამას შეიძლება ზიანი მიეყენებინა გერმანიის ეკონომიკისთვის.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ძალები უკრაინის საზღვარზე თავდასხმამდე იკრიბებოდნენ, დასავლელი ლიდერები კი ძალიან ნელა მოქმედებდნენ და საკმარისად შორს არ წასულან რუსეთის შესაკავებლად.

BBC-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტისა და აშშ-ს კონგრესში გამოსვლის შემდეგ, ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა დასავლელი ლიდერების მიმართ მოწოდება, რომ მეტი მოქმედებაა საჭირო რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

„პოლიტიკოსები ყოველ წელს ამბობენ, „აღარასდროს“. ახლა ვხედავ, რომ ეს სიტყვები უსარგებლოა. ევროპაში ხალხი ნადგურდება“, – თქვა მან გერმანელ დეპუტატებთან საუბრისას.