დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი, 82 წლის ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა გლდანში ნათესავი ქალი მოკლა, ბინიდან ტელევიზორი ლობარდში ჩასაბარებლად წაიღო, მოგვიანებით კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გლდანში, ნათესავ ქალს – 1940 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბასრი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

მძიმე დანაშაულის შემდეგ ნ.ნ.-მ ბინიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩაბარებას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. იგი კვლავ შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა და მიიმალა”, – წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.