წულუკიანი მილოცვებს იღებს, კახიძე კი ფარ-ხმალს არ ჰყრის…

   იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების საჩივარი დააკმაყოფილა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალაში არ შევა და საქმის განხილვა თავიდან დაიწყება. საქმე ეხება მერაბიშვილის საქმეზე ფარცხალაძის ეპიზოდსა და მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას.

წულუკიანის განცხადებას უკვე გამოეხმაურა მანანა კობახიძე და იუსტიციის სამინისტროს გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ პირს, ვინც იმუშავა მერაბიშვილის საქმეზე, სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებას და დიდ პალატაში საქმის განსახილველად გადაგზავნას! ეს არც ისე ხშირად ხდება, ეს სახელმწიფოს პრინციპული პოზიციის და თავდაუზოგავი შრომის შედეგია“-წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

იუსტიციის მინისტრის განცხადებას ასევე ,,პირველ რადიოსთან საუბარში გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთო კახიძე და განაცხადა, რომ სიხარული ნაადრევია, რადგან მთავრობის მიერ გასაჩივრებულ სარჩელს დაცვის მხარე ისევე მოიგებს, როგორც ეს  სტრასბურგის კოლეგიაში მოხდა.

კომენტარის დატოვება