ვაიპატრიოტებს და არაადეკვატურ მამულიშვილებს – მოეშვით მკვეხარა და ბაქია ყოყოჩობას!

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)

მწერალი

ძალიან ხშირად, მავანთაგან გსმენიათ ალბათ ემიგრანტებისა და უცხოეთში საშოვარზე გადაგებული თუ სწავლა-განათლებაზე მომართული ადამიანების მიმართ კრიტიკა, რომლის მიხედვითაც არც მეტი, არც ნაკლები – მოღალატეებად, კარიერისტებად და მატერიალისტებად წამოაჩენენ ხოლმე ჩვენს თანამემამულეებს, კიცხავენ “სამშობლოს მიტოვების” გამო და ხმამაღლა მოუწოდებენ უკან დაბრუნებისაკენ. ზოგჯერ იმასაც ეუბნებიან, რომ გადაგვარდებიან, გაირყვნებიან და სულიერად დაიღუპებიან თუ უკან არ ჩამოვლენ. ასეთ ვაიპატრიოტ შემფასებლებსა და არაადეკვატურ მამულიშვილებს მინდა ვკითხო:

რას ჰპირდებით აქ მობრუნებულებს?

რომელი სულიერებით სჯობიხართ მშრომელ და იძულებით ემიგრაციაში გადახვეწილ ადამიანებს?

თუკი დასავლეთის საზოგადოება გარყვნილია და ეს ყოველივე კი კეთრივით გადმომდები, მაშინ რატომ დაბრძანდებით იქ ექსკურსიებზე, პილიგრიმულ მოგზაურობაში, სამკურნალოდ და ა.შ. ?

თუკი ეშმაკეული, მავნე და ყოველგვარი უკეთურების წყაროა უცხოეთი, მაშინ რატომ ყიდულობთ მათ მიერ დამზადებულ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელებს, ავტომობილებსა და სხვადასხვა სახის ნაწარმს?

ვინ უფრო ნამდვილი პატრიოტია, ვინც წვალობს, მუშაობს და გასამრჯელოს აქეთ უგზავნის ოჯახებს, თუ ის ვინც აქ მჯიღს გულში იკრავს და თამადური ინტონაციით ფუქსავატობს?

სად უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ ადამიანური რესურსის პოტენციალი რეალიზდეს, იქ თუ აქ?

საშუალო სტატისტიკურ ევროპელს, რითი სჯობია ეთიკასა და მორალურ სიმწიფეში ჩვეულებრივი (“ერთმორწმუნე”) რუსი, ან საქართველოში მცხოვრები მოქალაქე?

სად უფრო მეტად ზრუნავენ ადამიანზე, ჩვენთან თუ იქ?

რატომ დადიოდნენ და ცხოვრობდნენ მოციქულები თუ წმინდანები რომის იმპერიის ზნედაცემულ მიწაზე და დანარჩენ წარმართულ ქვეყნებში, თუკი ადგილმდებარეობა ცხონების განმსაზღვრელია?

P.S. წმ. ეფრემ ასური ამბობს: “ადამი სამოთხეში დაეცა, ხოლო ლოტი სოდომში გადარჩა!”

აზრი: მოეშვით მკვეხარა და ბაქია ყოყოჩობას

კომენტარის დატოვება