პრეზიდენტის ვიზიტებს ევროინტეგრაციის პროცესთან საერთო არაფერი ჰქონია, როდესაც რაღაცის გაკეთებას კონსტიტუციის დარღვევით ცდილობ, ყველაფერს ხაზი აქვს გადასმული – სოზარ სუბარი

ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან პრეზიდენტის ვიზიტებს საერთო არაფერი ჰქონია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„რაც უნდა მნიშვნელოვანი ვიზიტი ყოფილიყო, არის „მოწამლული ხის“ პრინციპი – როდესაც რაღაცის გაკეთებას კონსტიტუციის დარღვევით ცდილობ, ყველაფერს ხაზი აქვს გადასმული. იმიტომ, რომ კონსტიტუცია არავინ უნდა დაარღვიოს და განსაკუთრებით, არ უნდა დაარღვიოს პრეზიდენტმა“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ როცა ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა ახლა დგას, ეს რამდენიმე კვირა უნდა გადავიაროთ და ხვალ შეიძლება, სრულიად სხვა სამყაროში ვიცხოვროთ.

„ამ შემთხვევაში დიახ, ყველა ნაბიჯი შეთანხმებული უნდა იყოს, პრეზიდენტისაც, პარლამენტისაც და მთავრობისაც. როცა გეუბნებიან, რომ არ უნდა წახვიდე, ესე იგი, არ უნდა წახვიდე. ყველაფერი არ ითქმის და ყველაფერზე მეც კი არ ვსვამ კითხვებს. იმიტომ, რომ ვენდობი ჩემ მიერ ხმამიცემულ მთავრობას. დღეს, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოზე. აი, ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სუბარმა.