ირაკლი ღარიბაშვილი: 30 წლის წინ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობისა და წარსულის გააზრებით საქართველომ დაიწყო თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა

30 წლის წინ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობისა და წარსულის გააზრებით საქართველომ დაიწყო თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა და არაერთი განსაცდელი გამოიარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

„დიდი ქართველი გენერლის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სიმბოლოს – გიორგი კვინიტაძის გადმოსვენება გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, კიდევ უფრო უკვდავყოთ საქართველოს თავისუფლების იდეა. 30 წლის წინ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობისა და წარსულის გააზრებით საქართველომ დაიწყო თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა და არაერთი განსაცდელი გამოიარა. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების საქმეში. გაღრმავდა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან და აშშ-თან. 2024 წელს ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რითაც მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი წინაპრების ევროპული ოცნების განსახორციელებლად. ჩვენ ვქმნით უკეთეს პირობებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს პანდემიის დასაძლევად და ეკონომიკური აქტივობისთვის ახალი მუხტის მისაცემად. გავაგრძელებთ ერთიანი და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც იქნება ევროპული და ევროატლანტიკური წევრის სრულფასოვანი ნაწილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.