კახა კუჭავა – ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისთვის გაიღო, ძალიან დიდია და თითოეულ ჩვენგანს გვავალდებულებს, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოსთვის თავგანწირული გმირები

მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ვულოცავ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ფასი, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობისა თავისუფლებისთვის გაიღო ძალიან დიდია.

„განსაკუთრებულად მინდა მივულოცო იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს საქართველოს ერთგულების ფიცი დადეს და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად ემსახურებით საქართველოს და ამაყად ატარებთ საქართველოს ჯარისკაცის საპატიო სახელს. ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია და თითოეულ ჩვენგანს გვავალდებულებს, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოსთვის თავგანწირული ჩვენი გმირები. პატივს მივაგებ საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. სიმბოლურია, რომ სწორედ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ქართულ მიწას მივაბარებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდს, დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს. ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ საქართველოს ერთგულ შვილებს“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოებრიობის აღდგენას არაერთი თაობის უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, მის შენარჩუნებას დღესაც არანაკლები შრომა და თავდადება სჭირდება, რათა განმტკიცდეს და გაძლიერდეს.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის არჩევანია მშვიდობიანი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, რათა რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის შეუქცევადი განვითარება. სწორედ ამას ელოდება ჩვენგან ხალხი. ევროკავშირის მხრიდან საქართველო აღიარებულია როგორც ლიდერი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის. გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობაზე. ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა. ეს გვავალდებულებს ყველას, მთელ საზოგადოებას, ხელისუფლებას და ოპოზიციას, ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს, ერთობლივი ძალისხმევით ვიაროთ მიზნისკენ, რომელიც გვაერთიანებს – ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს და გავხდეთ დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. დარწმუნებული ვარ, ყველას გვეყოფა კეთილგონიერება და ქვეყნის ინტერესს დავაყენებთ ყველაფერზე მაღლა. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველო ვაქციოთ სტაბილურ, მშვიდობიან და წარმატებულ ქვეყნად, ლიდერად არა მხოლოდ რეგიონში. ამას ელოდებიან ჩვენგან ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ამის პოტენციალს ხედავენ ისინი საქართველოში.

მინდა, დღეს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც სჯერა ქართული სახელმწიფოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის და გვერდში გვიდგას ამ საქმეში. მათ შეუძლიათ გვიგულონ საიმედო და ერთგულ პარტნიორად. წარმატებული საგარეო დღის წესრიგის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ ოკუპაცია რჩება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, საქართველომ აირჩია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა.

„მხოლოდ მშვიდობისა და შერიგების გზით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით მივაღწევთ მიზანს და მათთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში. დეოკუპაციის პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ჩვენი რეგიონის სტაბილურობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობა შეძლებს და საქართველო სულ მალე გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი, ასრულდება ჩვენი სახელოვანი წინაპრების ოცნება, ეს გახლავს ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.