ირაკლი ღარიბაშვილი: თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც შესაძლებელი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობა

26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის გამოხატულებაა. თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა შესაძლებელი გახადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა.

„გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღეა. 26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის გამოხატულებაა. თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა შესაძლებელი გახადა. მინდა დღევანდელი დღე ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო, რომელიც საკუთარი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, ვულოცავ ჩვენს ეკლესიას, რომლის ღვაწლი ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში განსაკუთრებულია, ქართველ ერს უფლის რწმენა და იმედი ყოველთვის აძლიერებდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისთვის, სწორედ მათი თავდადება, პროფესიონალიზმი და ერთგულება იყო არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. ქვეყანში თუ მის ფარგლებს გარეთ, ისინი ყოველთვის ღირსეულად ატარებენ ქართველი მეომრის მუნდირს.

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმ წვევამდელებისათვის, რომლებმაც ფიცი დადეს და სამშობლოს ჯარისკაცები გახდნენ.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მრავალი თაობის ბრძოლისა და თავდადების შედეგია. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს. განსაკუთრებით პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, ვინც თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.